პიკნიკების ე.წ. ფუძემდებლებად შეიძლება მივიჩნიოთ ფრანგები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ სუფთა ჰაერზე განტვირთვასა და უახლოეს წყალსაცავზე ნავებით სეირნობას. ყოველივე ამის ლოგიკურ დასასრულად კი გემრიელად წახემსება ითვლებოდა, მაგალითად, ხრაშუნა არომატული ბაგეტებით, სხვადასხვა სახის ყველით, შაშხით, ასევე ხილითა და ღვინით.

გამოიყენეთ არჩევანის მრავალფეროვნება, შეარჩიეთ იდეალური პიკნიკისთვის შესაფერისი ლოკაცია, წელიწადის დრო და მეგობრების გარემოცვა. ასეთი სასიამოვნო ტრადიციის აღორძინებისას თქვენ არჩევანის თავისუფლება გაქვთ, რომ პიკნიკის გასამართად სხვადასხვა ადგილი, სეზონი და კამპანია შეარჩიოთ: შემოდგომის დარიან დღეს, დატკბეთ დასვენებით პარკში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად,  ან მცხუნვარე ზაფხულში რომანტიკული ბრიზით ზღვის სანაპიროზე თქვენს მეორე ნახევართან ერთად. ბუნებაში დასვენების რომელ ფორმატსაც არ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა, აუცილებლად მოიმარაგეთ ყველაფერი, რაც ამისთვისაა საჭირო!

აუცილებელი ელემენტი

მთავარი ატრიბუტი, რომლის გარეშეც პიკნიკი ძირითად მომხიბვლელობას კარგავს, ეს არის პლედი. სასურველია შეარჩიოთ მუქი ფერის პლედები, რომ შემდეგ არ იწვალოთ ლაქების ამოყვანით. უმჯობესია აირჩიოთ მჭიდრო, მაგრამ რბილი ქსოვილი, რომელიც სხეულზე შეხებისას უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. თუ დასასვენებლად წვიმის შემდეგ მიემგზავრებით, პლედის ქვეშ  მუშამბა დააფინეთ - ეს  დაგიცავთ ნესტისგან.

სასურველია თან გაიყოლოთ სუფრა. ბევრი უპირატესობას ანიჭებს მუშამბის სუფრას: ისინი ადვილად იწმინდება. მაგრამ თუ თქვენი სუფრა ქსოვილისაა, წითელი ღვინისა და ცხიმის ლაქების ამოყვანაში მარილი და ლიმონი დაგეხმარებათ: ლაქას მარილი დააყარეთ და შემდეგ გაჭრილი ლიმნით დაამუშავეთ.

თუ თქვენ გადაწყვეტთ, მწვადის შეწვას, მაშინ თან გაიყოლეთ ბარბექიუს გადასატანი ნაკრები, რომელშიც ჩვეულებრივ შედის მცირე ზომის დასაკეცი მაყალი და ყველაზე აუცილებელი ხელსაწყოები: პატარა ნიჩაბი, მაშა (საკეცე) და დიდი ჩანგალი.

ზაფხულში აუცილებლად დაგჭირდებათ პლაჟის ქოლგა და მწერების ნაკბენისგან დაცვის საშუალება.   მომაბეზრებელი მწერებისგან თავის დასაღწევად, რომელთაც თქვენი სადილის სურნელი იზიდავთ, დაგეხმარებათ სუფრაზე დადგმული არომატული ლამფა ლავანდის ზეთით. სეზონებს შორის კარგი იქნება  ტენტის წაღება მოულოდნელი ნალექისგან თავის დასაცავად.

მაგიდის სერვირება და პროდუქტების შენახვა

იმის მიუხედავად, რა კერძების მომზადებას აპირებთ პიკნიკისთვის, თან გაიყოლეთ სამზარეულო მოწყობილობების საკმაო რაოდენობა და შესაფერისი სერვირების ჭურჭელი, უმჯობესია კერამიკის, თუმცა შეგიძლიათ ერთჯერადი ჭურჭელის გამოიყენოთ.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე პიკნიკის გამართვას აპირებთ, მაშინ უმჯობესია შეიძინოთ სპეციალური საპიკნიკე კალათა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომზადების დროს, ავტომობილში არ დაიკავებს დიდ ადგილს და თქვენს შეხვედრებს განსაკუთრებულ შარმს შესძენს. უპირატესობა მიანიჭეთ დიდ ნაქსოვ კალათებს, რომლებშიც ყველაფერი გონივრულადაა ორგანიზებული: სამზარეულო მოწყობილობების, თეფშებისა და ჭიქების ადგილი.  

თუ ძალიან ცხელა, მაშინ პიკნიკის დროს პროდუქტების შენახვაზეც უნდა იზრუნოთ. შეიძინეთ თერმოპაკეტები ან თერმოჩანთები. ასე თქვენ გექნებათ არა მარტო ცივი გამაგრილებელი სასმელი, არამედ გარანტირებულად ახალი საჭმელიც.

არ დაგავიწყდეთ ჩანთაში საკმაო ოდენობის ხელსახოცების ან ქაღალდის პირსახოცების გრაგნილის ჩადება, რადგან როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არცერთი სუფრა, განსაკუთრებით კი ბუნებაში, მოულოდნელობებისგან  არ არის დაცული. კიდევ ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც თავისთავად მოიაზრება არის ტომრები ნაგვისთვის.

მუსიკა და დასვენება

მოსამზადებელი სამუშაოების დასკვნითი ნაწილი არის გასართობი პროგრამა, რომელსაც დიდწილად განსაზღვრავს საპიკნიკე ადგილი და სეზონი.

რა ფორმატშიც არ უნდა ჩაატაროთ თქვენი ღონისძიება ბუნებაში, სწორი ატმოსფეროსა და სასიამოვნო ხმოვანი ფონის შესაქმნელად აუცილებლად გაიყოლეთ  გიტარა ან თანამედროვე „გაჯეტი“ წინასწარ გამზადებული ფლეილისტებით. თუ მომზადების ალიაქოთში დინამიკები დაგავიწყდათ, უბრალოდ აიღეთ შუშის სუფთა ჭიქა და მოათავსეთ მასში სმარტფონი. მელოდიების ხმა უფრო ჟღერადი და ხმამაღალი იქნება! იზრუნეთ მხოლოდ იმაზე, რომ მუსიკამ ხელი არავის შეუშალოს.

თუ მანქანაში არსებული ადგილი ამის საშუალებას გაძლევთ, თან გაიყოლეთ რამდენიმე მცირე ზომის ბალიში, სასურველია მუქი ფერის, რომლებიც ადვილად  ირეცხება. მათ აქვთ როგორც დეკორატიული დანიშნულება და ქმნიან დამატებით სიმყუდროვეს, ასევე პრაქტიკული სარგებელიც -  ადგილზე მოხერხებულად მოსაწყობად ან კომფორტული ძილისთვის.

 გართობა ქალაქში და წყალთან

პიკნიკის მონაწილეებს ქალაქის პარკში თუ ტყის პირას, შესაძლებლობა აქვთ გაერთონ და გაართონ თავიანთი სტუმრები სხვადასხვა თამაშით:  „ტვისტერი“, „ფრისბი“ ,  ბადმინტონი, „ვისი სული გსურს“, „ორდროშობანა“,  წრეში ბურთი და ა.შ. ღონისძიების ყველაზე აზარტულ მონაწილეებს გაახარებს სათამაშო ბანქოს დასტა და ნარდი, რომელიც მანქანაში დიდ ადგილს არ დაიკავებს, მაგრამ თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში მხსნელად მოგევლინებათ.

წყალსაცავთან პიკნიკისას სულაც არ იქნება ზედმეტი მზის სათვალე და საცურაო კოსტიუმი, განსაკუთრებით თუ ეს ამბავი საბანაო სეზონზე ხდება, ასევე გასაბერი ლეიბები. რაც შეეხება ანკესს, ის შეიძლება აქტუალური იყოს თევზის ჭერისთვის გამოსადეგ ადგილებში. მთავარია, მენიუს შედგენისას არ იყოთ დიდი ნადავლის დაჭერის იმედზე, კარგად დანაყრებისთვის აუცილებელია სათადარიგო საკვების  არსებობა. 

ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, მაინც გახსოვდეთ, რომ პიკნიკის მიზანია მცირე ხნით ჩამოშორდეთ ქალაქის აურზაურს და დაისვენოთ. შეარჩიეთ კომფორტული ადგილი, თუნდაც ეს იყოს სპონტანური შეხვედრა აგარაკის ეზოში, გამოავლინეთ ფანტაზია და უბრალოდ დატკბით აბსოლუტური ჰარმონიისა და ბუნებასთან შერწყმის შეგრძნებით.