გაზაფხულის დადგომისთანავე, ბუნებაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გასეირნების თემა აქტუალობას იძენს და ამასთან ერთად ვიწყებთ ფიქრს - „თან რა წავიღოთ“?.

არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელიც დაგეხმარებათ პიკნიკისთვის აუცილებელი ყველა პროდუქტის შეძენაში. მაგალითად საქართველოში, ბუნებაში გასეირნება წარმოუდგენელია ტრადიციული მწვადისა და შოთის პურის გარეშე. ამ კომბინაციას, კი განსაკუთრებულად უხდება კიტრისა და პომიდვრის სალათი მწვანილით. ლამაზი ბუნება, გემრიელი საკვები და მეგობრების გარემოცვა საკმარისია სრული იდილიისთვის.

საპიკნიკე სუფრაზე ხორცის მნიშვნელობაზე უცხოელი შეფებიც გვეთანხმებიან და ძირითადი კერძებიდან  უპირატესობას ყველაზე კლასიკურს ანიჭებენ - ხორცი გრილზე ახალი ბოსტნეულით, ან ქამა სოკოთი, ბადრიჯნითა და ხახვით.

რა პროდუქტების წაღება ღირს პიკნიკზე

ამ არჩევანის გაკეთებისას, უპირატესობა მიანიჭა პროდუქტებს, რომლებიც მალე არ ფუჭდება და არ კარგავს გარეგნულ იერს ტრანსპორტირებისას.  

დავიწყოთ ხორცით: გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ მოხარშული ენის, შემწვარი ხორცის წაღებაზე, რაც შეიძლება  მწვადის  ალტერნატივაც იყოს. ციკნის ცივი, დაბეგვილი, შემწვარი ხორცი საკმაოდ გემრიელია და მისი მირთმევა შეიძლება როგორც ცალკე, ასევე სენდვიჩებშიც. ამასთანავე, შეგიძლიათ ქათმის ხორცის რულეტების მომზადება და ამ რულეტებში თქვენი საყვარელი ბოსტნეულის გახვევა.

თუ ბუნებაში დღესასწაული თქვენთვის სალათის გარეშე წარმოუდგენელია, უმჯობესია თუ ამ სალათებს უშუალოდ გამგზავრების წინ მოამზადებთ და პორციულ ქილებში ან მცირე ზომის კონტეინერებში განათავსებთ. კარგი იქნება, თუ მაიონეზიან რეცეპტებზე უარს იტყვით. გაითვალისწინეთ, კიტრისა და პომიდვრის სალათი შეიძლება საუკეთესო ალტერნატივა იყოს. უფრო მარტივი, მაგრამ არანაკლებ გემრიელი ვარიანტია ახალი ბოსტნეული, რომლისთვისაც შეგიძლიათ მოამზადოთ უცხიმო სოუსი. მაგალითად, იოგურტი დაჭრილი მწვანილითა და ნივრით თუ თქვენ ავოკადოც მოგწონთ, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება, მას დაჭრისთანავე მოასხით ლიმნის წვენი. ასე ავოკადო შეინარჩუნებს პირვანდელ იერს და არ გაშავდება ტრანსპორტირებისას. პომიდვრის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მკვრივ ნაყოფს, რომ დაჭრისას წვენი არ გაუვიდეს. ბუნებაში სალათებისთვის იდეალური ვარიანტია ჩერი პომიდორი, რომლის დაჭრაც კი არ არის საჭირო.

თან წაიღეთ ღვეზელები სხვადასხვა შიგთავსით, რათა ყველას გემოვნება თანაბრად დააკმაყოფილოთ. შინ შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭაპური, ლობიანი, კარტოფილის, ხორცისა და ბოსტნეულის ღვეზელები, რომელიც პიკნიკს ძალიან უხდება.  ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროს, ცომი მაღაზიაში შეიძინებთ.

თუ დესერტების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, პიკნიკიც წარმოუდგენელი იქნება ამ ნუგბარის გარეშე. შეეცადეთ ბუნებაში გასვლისთვის ტკბილეული პორციულად მოამზადოთ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ არჩევანს მინი-ჩიზქეიქებზე ან ქილებში მომზადებულ პუდინგებზე შეაჩერებთ. თუ გარეთ ძალიან ცხელა, უმჯობესი იქნება თუ მალფუჭებადი ინგრედიენტებისგან დამზადებულ დესერტებზე საერთოდ იტყვით უარს სეზონური ხილისა და კენკრის სასარგებლოდ. ასევე წინასწარ შეიძლება ორცხობილის ან ტკბილი ღვეზელების გამოცხობა, თქვენი საყვარელი ჯემის შიგთავსით.

გააკეთეთ აქცენტი ახალ ბოსტნეულზე

პიკნიკის მენიუ ისე შეადგინეთ, რომ ის მაქსიმალურად მარტივი, მაგრამ ამავე დროს ნატურალური იყოს. ყველაზე კარგი არჩევანი ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ბოსტნეულია-სტაფილო, კიტრი და ნიახურის ნაზი ღეროები, რომლებიც უფრო მსუყე კერძის მომზადებამდე შიმშილის გრძნობას გაგიქრობთ.

სენდვიჩები თქვენი გემოვნების მიხედვით

ნუ დაუშვებთ ახალბედა მოპიკნიკეების შეცდომას და სენდვიჩების დასამზადებლად ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით სოუსებსა და წვნიან ინგრედიენტებს. იდეალურ კომპონენტებად გამოდგება მოხარშული, რგოლებად დაჭრილი კვერცხი ანჩოუსით და ნიახურით ახალი ყველის ნაჭრებთან ერთად. უმჯობესი იქნება ასევე  სალათის ახალი ფურცლებისა და კიტრის დამატებაც. მაგრამ თუ თქვენ მაინც სოუსები გინდათ, უბრალოდ გაიყოლეთ ისინი მცირე ზომის კონტეინერებში და გამოიყენეთ სენდვიჩებში უკვე ადგილზე მისვლისას. აქვე, ჩვენი რეკომენდაციით, გთავაზობთ საინტერესო რეცეპტს: 

აიღეთ პურის 4 ნაჭერი და მოასხით  ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო. 2 ნაჭერზე დაალაგეთ წრიულად დაჭრილი მოხარშული ჭარხალი და სულგუნი, ზევიდან დააწყვეთ  ცოცხალი ბაზილიკის რამდენიმე არომატული ფოთოლი. მოაყარეთ მარილი და პილპილი ან წიწაკა, დაახურეთ დარჩენილი პურის ნაჭერი და მჭიდროდ შეახვიეთ სამზარეულო ცელოფნის ნაჭერში, ამის შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ დანარჩენ სალაშქრო დელიკატესებთან ერთად. უგემრიელესი და მარტივი სენდვიჩი მზადაა.

არ დაგავიწყდეთ სასმელი

თქვენს პიკნიკს განსაკუთრებულ გემოს  შესძენს შინ დამზადებული სასმელიც: ცივი ჩაი, ხილის წვენი, გამაგრილებელი ლიმონათი, ცივი სანგრია, უჩვეულო პუნში ან კრიუშონი. თუმცა ეს ნამდვილად ვერ შეცვლის რამდენიმე ბოთლ მინერალურ წყალს. მინერალური წყალი ყველაზე მეტად მიესადაგება ხორციან კერძებს და გაგათავისუფლებთ ზედმეტი სიმძიმისგან მუცლის არეში.

აქვე გთავაზობთ მარწყვისა და პიტნის ლიმონათის გამაგრილებელ და გემრიელ რეცეპტს:

200 გრამი მარწყვისგან გააკეთეთ ხილფაფა, დაამატეთ 1 ლიმნის წვენი და 80 გრამი ყავისფერი შაქარი. პიტნის ფოთლები (დაახლოებით 10 ცალი) დასრისეთ სანაყში, შეურიეთ მარწყვის ხილფაფას და დატოვეთ 5 წუთის მანძილზე, შემდეგ გახეხეთ წვრილ ბადეში. უშუალოდ სუფრაზე მიწოდების წინ  მინერალურ წყალს შეურიეთ მარწყვისა და ლიმნის ნაზავი და მორთეთ კენკრითა და პიტნის ფურცლებით.

სასიამოვნო პიკნიკს და კაშკაშა ემოციებს გისურვებთ!