მოერიდეთ მიწაზე ჩაუმქრალი ასანთის, სიგარეტის ნამწვის და ა.შ. დაგდებას. მიაქციეთ ყურადღება, რომ ნაპერწკალი არ დაეცეს ფოთლებზე, ბალახზე, ხავსზე ან ტორფზე. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგაც კი, როცა თქვენ უკვე შინ დაბრუნდებით, ის ნაპერწკალი შეიძლება ხანძრად გადაიქცეს და ბუნების განადგურება გამოიწვიოს.

თუ შენიშნავთ, რომ სადმე ცეცხლია გაჩენილი,  ეცადეთ დამოუკიდებლად ჩააქროთ. თუ ამისი ძალა არ შეგწევთ, (მაგალითად, ცეცხლის ალი დიდია და სწრაფად ვრცელდება)  რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახეთ სახანძრო, ან რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით 112-ს. თუ თქვენ სარგებლობთ რაიმე მოწყობილობით, რომელსაც GPS კოორდინატების მხარდაჭერა აქვს (სმარტფონი, ნოუთბუქი, ავტომობილის ნავიგატორი და ა.შ.), მაშველებს სტიქიური უბედურების ზუსტი ადგილსამყოფელი აცნობეთ.

გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა შეიძლება მდინარის ან წყალსაცავის წყლით (თუკი ასეთი ახლომახლო არის), ქვიშის ან მიწის დაყრით.

თუ მოგიწიათ თავი დააღწიოთ ტყის ხანძარს, გახსოვდეთ:

  • არ შეხვიდეთ გაკვამლიანების ზონაში, თუ მხედველობა 10 მეტრზე ნაკლებია
  • მხუთავი გაზით რომ არ მოიწამლოთ, სასუნთქი გზები სველი ქსოვილით დაიფარეთ
  • ხანძრის ზონიდან ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გააღწიეთ - ასე ხანძარი ვერ დაგეწევათ
  • თუ ადამიანს ტანსაცმელზე მოეკიდა ცეცხლი, უნდა დავარდეს მიწაზე, არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეს. დააფარეთ დაზარალებულს მჭიდრო ქსოვილი (ზეწარი, საბანი, პალტო) - ჟანგბადის უკმარისობის გამო ცეცხლის ალი ჩაქრება.

112 — საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ტელეფონის ნომერი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ზარი უფასოა კავშირგაბმულობის ნებისმიერი ოპერატორისთვის)

ველურ ბუნებაში თქვენ სტუმარი ხართ. ჭიანჭველები, ქინქლები და კოღოები ტყეში საკუთარ სახლში გრძნობენ თავს. ნუ დადგამთ კარავს ჭიანჭველების ბუდის სიახლოვეს. არ გადააქციოთ ტკბილი ჩაის ნარჩენები, იქ სადაც ქვეშაგებს განათავსებთ. ეს მთავარი პირობაა იმისთვის, რომ მწერებმა არ შეგაწუხონ. კოღოს ნაკბენების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები, ხალხურ საშუალებებიდან მიხაკის, ანისის და ევკალიპტის ზეთები - უბრალოდ წაისვით ეს ზეთები სხეულის მოშიშვლებულ მონაკვეთებზე.

თუ კოღოებმა დაგკბინეს, ნუ მოიფხანთ ნაკბენ ადგილს, რამდენად ძლიერადაც არ უნდა გინდოდეთ. ნაკბენში შეიძლება მოხვდეს ინფექცია, რის შემდეგაც მკურნალობა იქნება ხანგრძლივი და არასასიამოვნო. გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი - ეს მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას და ამავდროულად მოახდენს ნაკბენი ადგილის დეზინფექციას. ასევე არსებობს სპეციალური სამედიცინო საშუალებები, რომლებიც კოღოს ნაკბენისგან გამოწვეულ დისკომფორტის გრძნობას ამსუბუქებენ.

ნაგავი - კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ბუნებაში დასვენებასთანაა დაკავშირებული.

მთავარი წესი: დასვენების ადგილი ისეთივე მდგომარეობაში დატოვეთ, როგორიც თქვენ თვითონ გესიამოვნებათ, რომ დაგხვდეთ. თან წაიღეთ მტკიცე, დიდი მოცულობის პაკეტები, რომლებშიც ყველა არასასურსათო ნარჩენს მოათავსებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ შუშის ბოთლებს. მათი ნატეხებით შეიძლება ჭრილობა მიიღოთ როგორც თქვენ,  ასევე სხვა ადამიანებმა და ცხოველებმაც.  ცხელ ზაფხულში მზის სხივები გატეხილ შუშას ლინზად აქცევს, რომელიც შეიძლება ბალახის და ფოთლების აალების მიზეზი გახდეს.

სიგარეტის ნამწვავებიც ასევე საშიში ნაგავია. ისინი არა მარტო მდელოს ესთეტიკურ სილამაზეს უკარგავენ, არამედ მიწასაც წამლავენ. გარდაამისა, ჩაუმქრალი ნამწვი ხანძრის მიზეზი შეიძლება გახდეს.  

ღია წყალსაცავები ველურ პლაჟებზე - ეს არა მარტო სიამოვნების, არამედ საფრთხის წყაროცაა. შეუსწავლელი ფსკერი, სწრაფი დინება, შესაძლო მორევები, თვითონ წყლის სისუფთავე - „ვიცურაოთ, თუ არ ვიცურაოთ“, ეს თქვენ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოთ. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ არის სანაპიროზე განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები.

ყველამ იცის, რომ ალკოჰოლი და ცურვა ერთმანეთს არ ეწყობა, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველწლიურად ბევრი ადამიანი ამ ჭეშმარიტებას უგულებელყოფს.

დასვენების ზოგიერთ ადგილას მაშველები მუშაობენ, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ.

გაითვალისწინეთ: როცა ცდილობთ ადამიანის გადარჩენას დახრჩობისგან,  შეაფასეთ თქვენი ძალები. კეთილშობილი მიზნების მიუხედავად, თუ წყალში გაბედულად არ გრძნობთ თავს, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ - პანიკაში ჩავარდნილმა ადამიანმა შესაძლოა თქვენც ფსკერისკენ გაგიყოლოთ. უმჯობესია, დაზარალებულს გრძელი თოკი გადაუგდოთ (გამოდგება, მაგალითად, ავტომობილის საბუქსირე ტროსი) და ნაპირისკენ გაითრიოთ.

პატივი ეცით მდინარეს, წყალსაცავს და ზღვას, ნუ ეცდებით „გმირობას“, ნუ გაცურავთ  შორს. თუ ცურვისას იგრძნობთ, რომ რაღაც ისე არ არის, ეს 7 მარტივი წესი დაგეხმარებათ, რომ ნაპირამდე მიცუროთ:

  1. რაც არ უნდა მოხდეს, პანიკაში ნუ ჩავარდებით.
  2. ნუ გაცურავთ ნაპირიდან შორს, სადაც ღრმა წყალია, იქ შესაძლოა მორევიც იყოს, სწრაფი ცივი დინება, ჩახლართული წყალმცენარეები და ა.შ.
  3. ნუ ენდობით გასაბერ ლეიბს ან წრეს. მათში დაფარულმა დეფექტმა შეიძლება მაშინ იჩინოს თავი, როცა უკვე ნაპირიდან შორს და ღრმა წყალში იქნებით.
  4. ნუ ეცდებით ღრმა წყალში სხვისთვის ცურვის გაკვეთილის ჩატარებას, აზარტში ვერც კი შეამჩნევთ, რომ თქვენმა მოსწავლემ შეიძლება ბევრი წყალი ყლაპოს.
  5. თუ უკან გამოსაცურად ძალა არ გყოფნით, გადაბრუნდით ზურგზე, შეისვენეთ და ასევე გაცურეთ ნაპირისკენ.
  6. თუ ფეხი გაგიკავდათ (კრუნჩხვა), ხელი მოკიდეთ ტერფს და მოქაჩეთ სხეულისკენ.
  7. კრუნჩხვის მოხსნაში ნებისმიერი საგნით ჩხვლეტა დაგეხმარებათ. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ გაცურვამდე საცურაო კოსტიუმზე ქინძისთავს მიიმაგრებთ. 

სასარგებლოა, თუ ჯერ კიდევ სკოლაში ნასწავლ პირველადი დახმარების აღმოჩენის წესებს გაიხსენებთ:

  1. დაზარალებული სახით ქვემოთ გადააბრუნეთ - ისე რომ მისი თავი წელზე დაბლა იყოს
  2. გაუსუფთავეთ პირი უცხო საგნებისგან (მაგალითად წყალმცენარეებისგან ან ქვიშისგან)
  3. მკვეთრად დააწექით ენის ძირში, რომ პირის ღებინების რეფლექსი გამოიწვიოთ
  4. როცა დაზარალებული რეფლექსურად ხველას დაიწყებს და პირის ღებინება დაეწყება, დაიცადეთ, რომ წყალი ბოლომდე გამოვიდეს მისი სასუნთქი გზებიდან და კუჭიდან
  5. პირის ღებინების რეფლექსის და პულსის არქონის შემთხვევაში, დაზარალებული დააწვინეთ ზურგზე და გულის ირიბი მასაჟი გაუკეთეთ. თუ დაზარალებულს არ იცნობთ, ან დარწმუნებული არ ხართ, რომ მას სერიოზული დაავადება არ აწუხებს (მაგალითად ჰეპატიტი), ნუ მიმართავთ ხელოვნურ სუნთქვას სპეციალური ნიღბის გარეშე. სიცოცხლის ნიშნების გამოჩენისთანავე იმოქმედეთ ისე, როგორც მითითებულია პუნქტებში 1-4
  6. გამოიძახეთ „სასწრაფო დახმარება“ ტელეფონის ნომრით 112

ბუნებაში ბავშვებთან ერთად დასვენებისას, ზემოთ აღნიშნული გაფრთხილებების გარდა, გახსოვდეთ, რომ პატარებს მუდმივად სჭირდებათ ყურადღება. თუ თქვენ დიდ კამპანიასთან ერთად ისვენებთ,  გადაუნაწილეთ პასუხისმგებლობა ზრდასრულ ადამიანებს, იმისთვის რომ ბავშვები არ დაგრჩეთ უყურადღებოდ.  არ დაგავიწყდეთ თან გაიყოლოთ საბავშვო სამგზავრო აფთიაქი.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!