რომანტიკული პიკნიკი

სპონტანური პიკნიკის იდეა გამოყენებულია ცნობილ ფილმში „ლამაზმანი“, სადაც ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის  შეყვარებული წყვილი ქალაქის პარკში ისვენებს. თუ ამ სცენარის გამეორებას გადაწყვეტთ, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ რბილი პლედი, საინტერესო წიგნი და სულ ცოტა თავისუფალი დრო დაგჭირდებათ. იგორავეთ ბალახზე, ხმამაღლა წაუკითხეთ ერთმანეთს კლასიკური რომანი ბედნიერი დასასრულით და დატკბით ერთად გატარებული ყოველი წუთით.

ამ შემთხვევაში, ნუ დაკარგავთ დროს კერძების მომზადებაზე. საგზლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩები, ან ლავაშში გახვეული ბოსტნეული და სულგუნი, რომელის დასამზადებლადაც სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. რომანტიკულ გარემოს ძალიან უხდება პატარა სანთლები, განწყობის ასამაღლებლად სახლიდან გაიყოლეთ დახურული სასანთლეები.

პიკნიკი ისტორიულ სტილში

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ დახვეწილი პიკნიკი, რომლის იდეა ისტორიული ატმოსფეროს შექმნაა, მაშინ აუცილებლად ნახეთ ბუნებაში გამგზავრებამდე ფილმი „ემა“, რომელიც იდეის  განხორციელებაში დაგეხმარებათ. თეთრ ქათქათა სუფრას იმპროვიზირებული მაგიდა შეგიცვლით, რომელზეც დაწნულ კალათებს დააწყობთ ხილით, ბოსტნეულითა და პურით. მცირე ზომის თეფშებზე დაალაგებთ ცივ კერძებს, მაგალითად კანაპეს ან შაშხის რულეტს ხრაშუნა ბოსტნეულითა და ყველით. იმისთვის, რომ სასმელმა დიდი ადგილი არ დაიკავოს, განათავსეთ ჭურჭელი მცირე ზომის მაგიდაზე.

ქალბატონები სხედან, მამაკაცები კი ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში ნებივრობენ ბრტყელ და მჭიდრო ბალიშებზე, კლასიკური მუსიკა, საუბარი საინტერესო ამაღლებულ თემებზე და მცირე ზომის ქოლგები, რომლებიც ქალბატონების ფაიფურის კანს მოხდენილად იცავენ, ნამდვილად გაგრძნობინებთ თავს მე-18 საუკუნეში და დახვეწილი პიკნიკისთვის იდეალურ გარემოს შეგიქმნით. 

საბავშვო პიკნიკი

თუ თქვენი ბავშვის დაბადების დღე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდს ემთხვევა,  სავსებით რეალურია ამ დღის აღნიშვნა ბუნებაში. მშვენიერი იდეა შეგიძლიათ მოიძიოთ ფილმში „მუსიკის ჰანგები“. მთავარი გმირი ქალი ძიძად გაგზავნეს ოჯახში, სადაც შვიდი ბავშვია. გართობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ბავშვებს მაშინვე შეუყვარდათ, პიკნიკი იყო, რადგან ღია ცის ქვეშ თავისუფლად შეიძლებოდა ცელქობა და სიმღერა, ისე რომ ხელი არ შეეშალათ ბუზღუნა მოხუცებული მეზობლისთვის.

ჩვენ არ გთავაზობთ, რომ პიკნიკის ყველა მონაწილეს კოსტიუმები შეუკეროთ ფარდებისგან, როგორც ეს ფილმში ხდება, მაგრამ ბავშვებს რომ შესთავაზოთ მულტფილმების გმირებივით გამოწყობა, ესეც შესანიშნავი იდეაა. თამაშით გართული პატარები  გზადაგზა წაიხემსებენ, ამიტომ თითოეულს ცალკე გაუმზადეთ ჯანსაღი ბოსტნეულით მომზადებული სენდვიჩი, ორცხობილა და ხილი. სასმელები არ დაგავიწყდეთ. ამ შემთხვევისთვის საუკეთესო ვარიანტი შინ დამზადებული ლიმონათებია.

გოგონები ბუნებაში

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ისეთი შთამბეჭდავი და უცნაური ფილმი, როგორიცაა „პიკნიკი დაკიდებულ კლდესთან“, გირჩევთ, რომ უყუროთ და იდეაც განახორციელოთ კლდესთან თვალწარმტაცი პიკნიკის მოსაწყობად. პოეზიის კითხვა, ყვავილებისგან გვირგვინების დაწნა და მკითხაობაც კი მისაღებია ამ დროს.

იმისთვის, რომ უფრო მოხერხებულად იგრძნოთ თავი პიკნიკზე, შეგიძლიათ თან გაიყოლოთ  პატარა დასაკეცი მაგიდა და სკამები. საგზლად კი მშრალი ნამცხვარი და ხილი. ბუნებაში პიკნიკს და თანაც ქალბატონების გარემოცვაში, ინგლისურ სტილში ჩაის სმის ტრადიციის გაცოცხლებაც ძალიან უხდება. 

პიკნიკი დიდ კამპანიაში

პირველ რიგში გაგახსენდებათ ძველი ქართული ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც მოქმედება ღია ცის ქვეშ ვითარდება და ნაჩვენებია, როგორ ხვდებიან დიდი ხნის უნახავი კლასელები ერთმანეთს. როგორც ვხედავთ, პიკნიკი დიდ კამპანიაშიც სასიამოვნოა და ჩვენთვისაც კარგად ნაცნობი სიტუაციაა, რადგან სკოლიდან, ან უნივერსიტეტიდან ექსკურსიაზე წასვლა თავისთავად მოიაზრებს პიკნიკსაც. მოსწავლეებს მშობლები სახლში უმზადებენ საგზალს, საერთო კერძებით კი ადგილზე დიდი სუფრა იშლება. ქართული პიკნიკი წარმოუდგენელია ნოყიერი ხაჭაპურის, შოთის პურისა და ყველის, კიტრი-პომიდვრის, ცვრიანი მწვადისა და ახლად ჩაციებული საზამთროს გარეშე.